შინაარსზე გადასვლა
  1. Home>
  2. Discover kia>
  3. ხმით ძებნა>
  4. რას აღნიშნავს ცილინდრთა ბლოკის შუასადები ავტომობილში?

რას აღნიშნავს ცილინდრთა ბლოკის შუასადები ავტომობილში?

'' ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადები გამოიყენება ძრავის ბლოკსა და ცილინდრთა ბლოკის თავსახურად, რაც ხელს უშლის ძრავის სითხის გაჟონვას და წნევის დაკარგვას. ”

 

 

 

ცილინდრთა ბლოკის  შუასადები არის ავტომობილის აუცილებელი კომპონენტი, რომელიც მოთავსებულია ცილინდრთა ბლოკის თავსა და ძრავის ბლოკს შორის. ავტომობილის ძრავა ორ ნაწილად არის გაყოფილი: ძრავის ბლოკი, სადაც მოთავსებულია ცილინდრები და დგუშები; და ცილინდრის ბლოკის თავი, სადაც მოთავსებულია სარქველები, ანთების სანთელი და ა.შ.

 

ძრავის ამ 2 ნაწილს შორის მოთავსებული ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადები განკუთვნილია იმისთვის, რომ დალუქოს შიდა წვის პროცესი და ხელი შეუშალოს ძრავიდან სითხის გაჟონვას. ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადებს უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ძრავის წვის კამერის დალუქვაში. ის, ასევე, იცავს ზეთსა და გამაგრილებელ სითხეს გაჟონვისგან, რითიც ძრავას ხელს უშლის გადახურებასა და დაწვაში.  

 

ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადების შექმნისას, მწარმოებელთა უმეტესობა იყენებს ფოლადის თხელ ფენებს, რითაც მას ხდიან უფრო მყარსა და გამძლეს. ვინაიდან, ძრავის მოცულობის შემცირება თანამედროვე ავტომობილებში საკმაოდ აქტუალურია, ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადებიც შედარებით მსუბუქი და მყარია.

იმისთვის, რომ გავიგოთ როგორ მუშაობს ცილინდრთა ბლოკის შუასადები, უნდა გავიაზროთ ძრავის მუშაობა მთლიანობაში. ძრავის ბლოკში გახლავთ დგუშები, რომლებიც ცილინდრებში ზევით-ქვევით მოძრაობენ. დგუშები დაკავშირებულია მოძრავ მუხლიან ლილვთან, საიდანაც  ავტომობილი ენერგიას იღებს. ძრავის ზედა ნაწილში არის ცილინდრის თავი, სადაც სარქველები იხსნება და იხურება, რათა ჰაერისა და საწვავის ნარევმა წვის კამერაში იმოძრაოს.

 

ცილინდრთა ბლოკის შუასადები უზრუნველყოფს ჰაერისა და საწვავის ნარევის აალების შედეგად წარმოქმნილი კომპრესიის წვის კამერაში დარჩენას. ეს საშუალებას აძლევს ძრავას, იფუნქციონიროს გამართულად და გამოიმუშაოს საკმარისი სიმძლავრე ავტომობილის გადასაადგილებლად. გარდა ამისა, ცილინდრთა ბლოკის შუასადები იცავს ზეთსა და გამაგრილებელ სითხეს გაჟონვისგან, რითაც უზრუნველყოფს ძრავის გამართულად მუშაობას.

 

 ძრავის გამართულად ფუნქციონირება მოითხოვს, რომ ეს ორი სითხე არ გაიჟონოს ან არ შეერიოს ცილინდრთა ბლოკის თავსა და ძრავის ბლოკს. როგორც ძრავის ამ ორი მნიშვნელოვანი ნაწილის ლუქი, ცილინდრთა ბლოკის შუასადები აჩერებს გაჟონვას და ინარჩუნებს კომპრესიას.

როგორც ძრავის ბლოკისა და ცილინდრთა ბლოკის თავის მჭიდრო სახურავი, ეს ნაწილი უძლებს საკმაო ზეწოლასა და სიმხურვალეს. თუმცა, შესაძლოა, ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადებზე დაზიანება აღმოაჩინოთ, რაც გამოიწვევს მის მწყობრიდან გამოსვლას.

მწყობრიდან გამოსული ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადების ნიშნები არც ისე აშკარაა, ამიტომ ამის მიხვედრა შესაძლოა, თავიდან რთული იყოს. ქვემოთ მოცემულია ყველაზე გავრცელებული ნიშნები იმისა, რომ ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადები დაზიანებულია.

 

თეთრი კვამლი

გამოსაბოლქვი მილიდან გამოსული თეთრი კვამლი დაზიანებული ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადების ერთ-ერთი ნიშანია. თეთრი კვამლი მაჩვენებელია იმისა, რომ გამაგრილებელმა სითხემ წვის კამერიდან გამოჟონა. თუ კი გამოსაბოლქვი მილიდან ლურჯი შეფერილობის კვამლი გამოდის, ეს აღნიშნავს იმას, რომ ზეთმა წვის კამერაში შეღწევა მოახერხა.

 

გადახურება

გადახურება ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადების დაზიანების ერთ-ერთი ინდიკატორია. ეს, როგორც წესი, გამოწვეულია გამაგრილებელი სითხის ნაკლებობით ან გამაგრილებელ სისტემაში ზეთის შეღწევით. თუ კი ამ ორი შემთხვევიდან ერთ-ერთი მაინც მოხდა, ეს ანელებს  ძრავის შესაძლებლობას გაგრილდეს, შესაბამისად იწვევს გადახურებას და ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადების მწყობრიდან გამოსვლას.

 

ფერშეცვლილი ზეთი

ამ პრობლემის კიდევ ერთი ინდიკატორი გახლავთ ძრავის ფერშეცვლილი ზეთი. ცილინდრთა ბლოკის თავის შუასადებს აქვს დავალება, დალუქოს გამაგრილებელი სითხე და ზეთი, მაშასადამე, თუ კი ეს ნაწილი ფუნქციონირებას შეწყვეტს, შესაძლოა, ეს ორი სითხე ერთმანეთს შეერიოს. თუ კი შეამჩნევთ, რომ ზეთი რძისფერია, სავარაუდოა, რომ გამაგრილებელი სითხე ზეთს შეერია.